ჟურნალისტის თქმით, ბოლნისის საკრებულოში ნახიდურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვუგარ ისაევი გააღიზიანა მისმა შეკითხვამ – რატომ იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ ადგილზე, სადაც ხალხს ოპოზიცია ხვდებოდა.
„როცა კამერა არ იღებდა, მითხრა, რომ დანით დამჭრის. შემდეგ კამერა ჩავრთეთ და ვკითხე, რატომ აწუხებდა ჩემი კითხვა. მითხრა, რომ არ უნდა გადამეღო“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
„მთავარი არხი“ დეპუტატისა და ჟურნალისტის საუბრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.
„შენ აქ ვერ გადაიღებ ვერაფერს, მე ასე მინდა. თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ, მოდიხარ და ჩემს სოფელში წინააღმდეგობას მიწევ? გითხარი არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე, შენ და სხვებსაც ცალკე შეგხვდებით. შენ ვინც კაცს გეუბნება, ის არის უნამუსო. არაკაცი ხარ. არჩევნები დამთავრდეს და სულ სხვანაირად დაგელაპარაკები. მიდი აბა, იმუშავე „ნაციონალებზე“, – ეუბნება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტს [„მთავარი არხის“ თარგმანი].
„რეგინფოს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურში უთხრეს, რომ ვუგარ ისაევი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ისაევმა განაცხადა, რომ მუქარის შესახებ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.