weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა

10:03 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა ფოტო © Reuters

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავდა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

ომში დაღუპული 170 სამხედრო მოსამსახურედან 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, რადგან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც აღნიშნულია, რომ ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.

„რუსეთი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით. რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა.

რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას. საოკუპაციო ხაზზე აღმართულ მავთულხლართებსა და ხელოვნურ ბარიერებს კი საქართველოს მთავრობა უპირისპირებს ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის ინტენსიურ პოლიტიკას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განაცხადების თანახმად, საქართველო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]