weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურის ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტზე

14:12 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს, დილით გავიდა, 22 ივლისს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიების მიერ მოპოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის 18 ივლისის გადაადგილების მარშრუტი, რომელიც უტყუარად დასტურდება მის მიერ Google-ის ანგარიშზე გააქტიურებული timeline-ის ფუნქციის მონაცემებით.

„თამარ ბაჩალიაშვილს საკუთარ მობილურ ტელეფონში Google-ის ანგარიშის timeline-ის ფუნქცია გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. აღნიშნული ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და აღნიშნული მონაცემებით გადაადგილების ისტორია, ინახება კონკრეტული პირის პირად Google-ის ანგარიშზე.

გამოძიების მიმდინარეობისას, დათვალიერდა თამარ ბაჩალიაშვილის Google-ის ანგარიში და ანგარიშში არსებული ფუნქცია your timeline - „თქვენი ქრონიკა“, რაც ადასტურებს, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი ავტომობილით გადაადგილებას იწყებს 10:09 საათზე და მოძრაობის დაწყების ადგილად მითითებულია მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მიდის ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, რიტა ზურაბაშვილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ჩერდება დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდება რუსთავის გზატკეცილზე.

timeline-ის გადაადგილების ქრონიკამ ასევე ასახა თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილება 18 ივლისს, მარნეულის მიმართულებით სოფლების - თელეთის, წალასწყურის, კუმისის, კოდას გავლით, რის შემდეგაც იგი შედის მარნეულში, უხვევს წრესთან და მიემართება თეთრიწყაროს მიმართულებით, გაივლის სოფელ წინწყაროს, შემდეგ შედის სოფელ გოლთეთში, სადაც შესვლის შემდგომ ჯერ უხვევს მარჯვენა მხარეს, შემდეგ ტრიალდება და გზას აგრძელებს სოფლის სიღრმისკენ, გადის გარკვეულ მანძილს, ტრიალდება უკან და ჩამოდის სოფელ გოლთეთიდან ცენტრალურ გზაზე, შემდეგ გზას აგრძელებს თეთრიწყაროს მიმართულებით, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ სოფელ მაწევანთან ცენტრალური გზიდან მარჯვენა მხარეს უხვევს და 12:13 საათზე მისი ავტომანქანა ჩერდება ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე, აღნიშნული ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის Google-ის ანგარიშის timeline-ის მიხედვით, ბოლო ლოკაციაა, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი.

ასევე დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ აქვს მოძიებული კონკრეტული ადგილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტის გარკვეული მონაკვეთები, ასევე დასტურდება გამოძიების მიერ მოპოვებული 112-ის და სხვადასხვა ობიექტების ვიდეოჩანაწერებით“, - აცხადებს პროკურატურა.

მათივე ცნობით, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი, რომელიც დატოვებულია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის „HYUNDAI ACCENT“ მიერ.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია მხოლოდ „HYUNDAI ACCENT“-ის მიერ დატოვებული ორი ურთიერთპარალელური საბურავის კვალი და რომ მძღოლის მიერ ავტომანქანის გადაადგილება ექსპლუატაციის პირობებშია მომხდარი. ამდენად, ავტომობილის გარეშე ძალით, ბუქსირით ან გათრევით გადაადგილება გამოირიცხა“, - აცხადებს პროკურატურა.

უწყება აცხადებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. ამასთან, ექსპერტიზის თანახმად, ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]