weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალი დეტალები პანკისელი ბიზნესმენის ძმის და დაცვის წევრების დაკავებაზე

12:42 ორშაბათი, 21 სექტემბერი 2020
ფოტოზე: ვახტანგ ფარეულიძე ფოტოზე: ვახტანგ ფარეულიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების, მათზე ძალადობისა და ფულის გამოძალვის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები პანკისელი ბიზნესმენის, ვახტანგ ფარეულიძის ძმა და მისი პირადი დაცვის წევრები არიან. ამ საქმეზე სტატია „რეგინფომ“ გუშინ გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1994 წელს დაბადებული ბაქარ ფარეულიძე, 1998 წელს დაბადებული ზელიმხან აჭიშვილი, 2000 წელს დაბადებული ზელიმ ბაკაევი და 1994 წელს დაბადებული ისლამ დუიშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, გამოძალვასა და იძულებაში ედებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულ ი.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული, LEXUS GX-ის მარკის ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს CZ-ს მარკის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები, 2 აირის პისტოლეტი, ერთი ცალი დანა, ბეისბოლის 3 ხელკეტი და 68 900 დოლარი“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვისა და იძულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბაქარ ფარეულიძე პანკისელი ბიზნესმენისა და სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ფარეულიძის ძმაა. ისლამ დუიშვილი, ზელიმხან აჭიშვილი და ზელიმ ბაკაევი ვახტანგ ფარეულიძის პირადი დაცვის წევრები არიან. ვახტანგ ფარეულიძე გატაცების, ძალადობისა და ფულის გამოძალვის ფატს უარყოფს. როგორც მან „რეგინფოსთან“ განაცხადა, ტაჯიკ ბიზნესმენებს მისი მეგობრების ვალი აქვთ, რის გამოც მისმა ძმამ და დანარჩენმა დაკავებულებმა მათთან დალაპარაკება გადაწყვიტეს.

„ჩვენი მეგობრები დაგვიკავშირდნენ ჩეჩნეთიდან და ტაჯიკეთიდან. ამ ტაჯიკებს, ეგენი ბიზნესმენები კი არა, თაღლითები არიან, მანქანების გასაგზავნად ფული აქვთ აღებული და მანქანები არ გაგზავნეს. გვთხოვეს, შევხვედროდით მათ და ეს თანხა უკან დაებრუნებინათ, ან მანქანები გაეგზავნათ. შეხვდნენ ბიჭები, ისინი თვითონ ჩასხდნენ მანქანაში, ძალით არავის ჩაუსვამს და არც გატაცება მომხდარა. მათ ვალი აქვთ გადასახდელი და ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია, ჩვენებებში კი წერენ, რომ თითქოს გაიტაცეს, ცემეს და ფულს სძალავდნენ“, – განცხადა ვახტანგ ფარეულიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]