პროკურატურის ცნობით, სასამართლოზე დადგინდა, რომ 26 მარტს, სოფელ ნაფარეულში არსებულ სტადიონთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებ გ. და დ.ძ.-თან, რაც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირების განმუხტვა იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს. რამდენიმე საათის შემდეგ ვ.ს. მეგობრებთან ერთად ძმების, გ. და დ.ძ.-ის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
პროკურატურის ინფორმაციით, ამით განაწყენებულმა გ.ძ.-მ, შურისძიების მოტივით ვ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 27 მარტს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, ვ.ს.-ს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და სტადიონზე გასვლა მოსთხოვა, შემდეგ კი ადგილზე მისულს ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.ს. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“. გ.ძ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ძ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.