weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს მუზეუმი გაიხსნა

16:48 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-9 წლისთავზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში „2008 წლის აგვისტოს მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმში, რომელიც ომს გადარჩენილი სახლის სარდაფში მდებარეობს, ომის ამსახველი ფოტომასალა და ოკუპირებული სოფლებიდან წამოღებული ნივთებია გამოფენილი.

მუზეუმის გახსნის იდეა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ლია ჩლაჩიძეს ეკუთვნის.

„საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ამსახველი მუზეუმი არ გვაქვს. ამიტომ ეს მუზეუმი მთელმა საქართველომ ერთად უნდა გავაკეთოთ და მომავალ თაობებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ რა საშინელება გადავიტანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქართველებსა და ოსებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება“, - უთხარა Qartli.ge-ს ლია ჩლაჩიძე.

ერგნეთში მუზეუმის გახსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილიც დაესწრნენ.

„ამ ომს გამარჯვებული არ ჰყავს ჩვენი საზოგადოებების სახით. ეს არის ჩვენი საერთო ტრაგედია და ტკივილი. აგვისტოს ომის შემდგომ 9 წელი გავიდა და ეს საკმარისი პერიოდია იმისათვის, რომ დავინახოთ და შევაფასოთ ომის მძიმე შედეგები. გავაცნობიეროთ, რომ შექმნილი ვითარება - განგრძობადი ოკუპაცია და გადაუჭრელი კონფლიქტი არ შედის არც ქართული, არც აფხაზური და არც ოსური საზოგადოებების ინტერესში. ჩვენ ყველა ვზარალდებით“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რაც ქართველების და ოსების შერიგებას უშლის ხელს, ეს ოკუპანტი ძალა და ოკუპანტის მიერ გავლებული მავთულხლართებია.

„დღეს გავლებული მავთულხლართები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტს ეშინია ადამიანებს შორის ურთიერთობა, ოკუპანტს ეშინია ქართველებს და ოსებს შორის იმ ურთიერთობის, რომელიც მუდმივად არსებობდა ვიდრე თავად ოკუპანტი ჩაერეოდა ამ ურთიერთობებში და სამწუხაროდ, მან ეს მოახერხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოკუპაცია დროებითია და ქართველები და ოსები ყოველთვის შეძლებენ ისეთი ტიპის თანაცხოვრებას, რომელსაც მუდმივად ახერხებდნენ წლების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი მუზეუმები მთელი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს ყველა რაიონში უნდა არსებობდეს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაღუპა. მათ ხსოვნას პატივი დღეს საქართველოს ყველა რაიონში მიაგეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]