weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯავახეთიდან სომხეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს

11:07 სამშაბათი, 29 სექტემბერი 2020
მოხალისეთა რეგისტრაცია ნინოწმინდაში. რადიო „ნორის“ ფოტო მოხალისეთა რეგისტრაცია ნინოწმინდაში. რადიო „ნორის“ ფოტო

ნინოწმინდა-ბავრას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ავტომანქანები გადავიდნენ. ამ საკითხზე მოლაპარაკებები მოქალაქეებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ, ნინოწმინდის ცენტრში ადგილობრივები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან სომეხ ხალხს, როგორც ფიზიკური, ისე მატერიალური მხარდაჭერა აღმოუჩინონ. სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მცხოვრებმა საქართველოს ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა სომეხი ხალხისა და ჯარისკაცების მხარდასაჭერად, მთიან ყარაბაღში წასვლის სურვილი გამოთქვეს, რისთვისაც მოხალისეთა სიებიც შეადგინეს. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და საბურავები შეაგროვეს.

„ნინოწმინდასა და ახალქალქში ხალხმა შეაგროვა საბურავები, მედიკამენტები, ბოსტნეული, ყველაზე საჭირო ნივთები. გვინდა სომხეთში ჩავიტანოთ, იქ ომია და ჩვენს ძმებს დახმარება სჭირდებათ. ვისაც ორი შარვალი ჰქონდა ერთი სომხეთში გასაგზავნად გამოიტანა, ამ ადამიანების ნათესავები და ახლობლები იბრძვიან“,- ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ნინოწმინდაში მცხოვრები ანდრანიკ კარსლიანის კომენტარს.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ცნობით, საქართველო-სომხეთის საზღვართან 3-დან 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები ავტომანქანებს საზღვრის გადაკვეთის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოლაპარაკებების შემდეგ, საზღვარზე მხოლოდ პროდუქტებით დატვირთული მანქანები გაუშვეს.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს გამწვავდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეტაკებების დაწყებიდან მეორე დღეს, 28 სექტემბერს, მათ მხარეს კიდევ 26 ადამიანი დაიღუპა. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 84-ს მიაღწია. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

შეტაკებების განახლების შემდეგ სომხეთმა და არაღიარებულმა მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. საომარი მდგომარეობა და ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადელი აზერბაიჯანში. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებით, ქვეყნის ზოგიერთ რაიონსა და ქალაქში საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

 

ამ თემაზე:

მთიან ყარაბაღში ბრძოლა გრძელდება – სომხეთი თურქეთის ჩარევაზე საუბრობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]