თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, აჭარის შემდეგ, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 35 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. იმერეთში დადასტურებულია 22 ახალი შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში –18, შიდა ქართლში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 3, გურიასა და ქვემო ქართლში კი თითო-თითო.
მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ამჟამად მკურნალობას გადის 3542 კოვიდ-ინფიცირებული, მათგან 25-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
„აქედან 23 მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან შვიდი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი“, – აღნიშნა ენდელაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ 33-ე პაციენტს, აჭარის ჯანდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, COVID-19-ის გარდა, პაციენტს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა: „მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსული ინფექცია სულ 5866 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2324 უკვე გამოჯანმრთელდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-სგან 270 პაციენტი განიკურნა.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 836. ამასთან, კოვიდ სასტუმრებშია მოთავსებული 800 პირი.