ავტოავარია დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა.
როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.
გუშინ, 29 სექტემბრის საღამოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქალაქ რუსთავში, სადაც ცენტრალურ ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა. არასრულწლოვანი ქვეითად გადაადგილდებოდა. შსს-ს პრეს-სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ავტომობილის მძღოლი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს მძღოლის მიერ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში სულ 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (სსკ–ის 276-ე მუხლის მიხედვით) მოხდა, დაიღუპა - 203 და დაშავდა 2982 ადამიანი.