„დღეს მეც მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ აუცილებლად დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არანაირი შეზღუდვა არ დავაწესოთ.
სამთავრობო გუნდს მიზნად არ აქვს შეზღუდვების დაწესება, მაგრამ რეკომენდაციებს გავცემთ, რომ გამოვიყენოთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთილხდეთ ჩვენი მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფშია და ამას უკვე ამტკიცებს ის სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც დღეს გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები გაუფრთხილდნენ ერთმანეთს და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „უფრო მეტად გააქტიურდებიან კონტაქტების მოძიების და მათი იზოლაციის კუთხით, რაც დღეს საღამოდან დაიწყება“.
„ეს უფრო მეტად ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობამ გააძლიერა ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რის შედეგადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტებს მოიძიებენ არაუგვიანეს 24 საათისა.
„ჩვენი გეგმაა უფრო მეტად დავხვეწოთ და ჩავრთოთ მოძიების ეფექტურობაში სხვადასხვა პროგრამები და თანამედროვე ტექნოლოგიები“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი კი გარდაიცვალა - ორი ბათუმში, სამი – ქუთაისში.
„ერთ-ერთი არის საქართველოს მოქალაქე ოკუპირებული ტერიტორიიდან, კერძოდ, ოჩამჩირიდან. ყველა გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ ასაკობრივი გრადაცია არის 51-დან 90-წლამდე“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.