შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.შ.-მ მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, საღამოს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს - გივი და ლაშა ქველაძეებს, ასევე მათ თანმხლებს - დ.ქ.-ს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.ჯ.-ს, გამოძიებით დადგენილია, რომ მან ამავე დაპირისპირებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გივი ქველაძეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
29 სექტემბერს, მარნეულში თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საოლქო საარჩევნო კომისიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლაშა ქველაძეს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მათ შორის მის მამას - გივი ქველაძეს, რის გამოც მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
ოპოზიცია მომხდარ ძალადობაში მმართველ პარტიას ადანაშაულებს, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სიტრყვიერი და ფიზიკური ძალადობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივმა დაიწყო.
იმავე დღეს ფიზიკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.