საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 120 მეხანძრე-მაშველი, მძიმე ტექნიკის დახმარებით, დაახლოებით 40 000 ტონა მეწყრულ მასაში მოყოლილ მოქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში ეძებდა. სამუშაოებს უამინდობა ართულებდა.
ამ დროისთვის საძიებო სამუშაოები გრძელდება მდინარე სატეხიაში, სადაც სტიქიის დროს ავტომობილი გადავარდა. ავტომობილი მაშველებმა მალევე იპოვეს, თუმცა მძღოლი მასში არ აღმოჩნდა.
სტიქია ქვემო ჯოჭოში პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. მოწყვეტილმა მეწყერმა ქვეშ მოიყოლა ორსართულიანი სახლი, სადაც ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და შვილი იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მიწის ქვეშ მოექცა მსუბუქი ავტომობილი, რომლითაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაადგილდებოდა.
„მთის ამბების“ თანახმად, საქართველოს მთავრობას რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინფორმაცია, რომ სოფელ ჯოჭოში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები იყო მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მთავრობას ურჩიეს სოფელ ჯოჭოს ლოკალურ უბნებზე გაბიონის ტიპის ფერდობ და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩაეტარებინა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ „მთის ამბებს“ უთხრა, რომ ჯოჭოში გარკვეული სამუშაოები წელსც ჩაატარეს და გასული 2 წლის განმავლობაშიც. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ვახტანგ დიასამიძის განმარტებით, ოჯახს, რომელიც მეწყერმა მოიყოლა, მერიისთვის რაიმე საფრთხის შესახებ და ფერდობის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით არ მიუმართავს.