„პაციენტების ძირითადი დიაგნოზია პირღებინება და ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია. პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობას 16 პაციენტი გადის, 23 პაციენტს აღმოვუჩინეთ დახმარება გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და სახლში ნორმალური მდგომარეობით გაეწერნენ. მშობლები ინტოქსიკაციას უკავშირებენ საკვებს ან წყალს, ან ვირუსს. ზოგიერთ მშობლსაც ანალოგიური სიმპტომები აქვს და მათ შესაბამის კლინიკებს მიმართეს. ყველა ერთ ლოკაციაზე ცხოვრობს, ეს არის კომბინატის დასახლება“, – განაცხადა „იავნანას“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სასმელი წყლით მოწამვლას არ ადასტურებს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერმა, შალვა ტაბატაძემ განუცხადა, რომ სასმელი წყლის მოწამვლის თაობაზე ჭორი გავრცელდა.
„ერთ-ერთ სკოლაში მშობელი მისულა და უთქვამს, რომ ბავშვი წყლით მოიწამლა და აღარ დაალევინოთო. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძებნა, სად, რომელ ოჯახში მოხდა ეს. ვერ მივაკვლიეთ ასეთ ოჯახს. წყალი ყოველდღიურად სისტემაში მოწმდება და ეს რომ არ გავაკეთოთ, არავინ გვაპატიებს. მიუხედავად ამისა,დღის განმავლობაში წყალი ლაბორატორიულად შემოწმდება და ყველა ნახავს, რომ სიცრუე გავრცელდა“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
Qartli.ge-ის ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში, მაღაზიებში სასმელი წყლის დეფიციტი შეიქმნა.