გამყრელიძის განცხადებით, უკვე მომზადებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომელიც სავარაუდოდ, ორ დღეში შევა ძალაში.
„შევჯერდით, სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინფიცრებულებთან კონტაქტირებული ადამიანები და ხაზს ვუსვამ - ახლო კონტაქტები, ეს არის ოჯახური და სამსახურებრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში, სახლში უნდა დარჩნენ, ხოლო ისინი ვისაც არ აქვს ამის საშუალება, კარანტინში უნდა გადავიდნენ. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება, 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი - ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს და ის წყვეტს მათი ტესტირების აუცილებლობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავისუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. ახალი შემთხვევების უმრავლესობა (416 შემთხვევა) აჭარის რეგიონში ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 8696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 4619 უკვე გამოჯანმრთელებულია. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების 53 შემთხვევაა რეგისტრირებული.