გამარჯვებულს ჯილდო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გადასცა.
„ყველა ადამიანი, ვინც ამ პროფესიაშია ჩართული, ეს იქნება სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტის პროფესორი თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგი, ყველა, ვინც განმანათლებლობას ირჩევს, უკვე გამარჯვებულია. ეს ადამიანები ემსახურებიან ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვას, ჩვენი ახლაგაზრდების, ბავშვებისა და სტუდენტების განათლების საქმეს“, – განაცხადა ჩხენკელმა.
2020 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები ასევე იყვნენ: მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი; ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა „ქორალის“ მათემატიკის მასწავლებელი; თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ინიციატივა მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას. ჯილდოს გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი.