PCR მეთოდი განიხილება როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში. მისი დადებითი მხარეა მაღალი მგრძნობელობა და სპეციფიურობა, რაც ცრუ დადებითი (ასევე ცრუ უარყოფითი) შედეგის რისკს მინიმუმამდე ამცირებს, თუმცა ერთჯერადად უარყოფითი PCR შედეგი არ გამორიცხავს COVID-19-ს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხვირ-ხახის ნაცხი აღებულია დაავადების საწყის ეტაპზე. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცის და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობის პირობებში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ანგარიშის მიხედვით, ამჟამად საქართველოში PCR კვლევა 22 ლაბორატორიაში კეთდება.
სექტემბერის თვის განმავლობაში 267 629 PCR ტესტია ჩატარებული, ტესტების საშუალო დღიური რაოდენობა კი 8921 იყო. აგვსტოში – 144 877 ტესტი ჩატარდა, საშუალო დღიური რაოდენობა 4673 იყო.
PCR ტესტირების ე.წ. დადებითობის შედეგის სიხშირე (positivity rate) პირველი დადასტურებული შემთხვევიდან 30 სექტემბრამდე 1.02%-ს შეადგენდა.
გარდა PCR ტესტირებისა, საქართველოში ხორციელდება ანტისხეულებსა და ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება გარკვეულ ჯგუფებში, თუმცა შემთხვევის დადასტურება ხდება მხოლოდ PCR ტესტირებით. 30 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში განხორციელებულია 176 642 ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი მარტივი ტესტირება. სექტემბრის თვეში საშუალოდ დღეში ჩატარებული სწრაფი ტესტირების რაოდენობა - 3 210.
საქართველოში COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა 26 თებერვალს იყო რეგისტრირებული. 30 სექტემბრის მდგომარეობით, ვირუსი დაუდასტურდა 6 640 ადამიანს.