weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დროულად შეჩერდეს პანკისის რადიოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები – კოალიცია

12:34 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პანკისის სათემო რადიოს საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს.

სათემო რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების შემდეგ, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მდებარე შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული. რადიოსთვის გუშინ, 6 ოქტომბერს გახდა ცნობილი საკრებულოს სხდომის შესახებ, რომელიც დღეს, 11:00 საათზე მხოლოდ ამ საკითხის განსახილველად იყო ჩანიშნული.

„მიგვაჩნია, რომ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების, ისე რადიოს 2020 წლის 06 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები“, – ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია შენობას დაჩქარებული წესით, დაუსაბუთებლად ასხვისებს. პანკისის სათემო რადიო აცხადებს, რომ ამ პროცესის მთავარი მიზანია, რადიოს მუშაობა რაც შეიძლება მალე შეაფერხონ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მის მიერვე მიწვეული, უძრავი ქონების შემფასებლის დასკვნა, რომლის მიხედვით, ობიექტის საუკეთესო და ეფექტური გამოყენების გზა მისი არა გაყიდვა, არამედ გაიჯარებაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მასთან დაკავშირებული რადიკალურად განწყობილი ჯგუფისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების მიერ, სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია პირდაპირ უკავშირდება რადიოს მიუკერძოებელ და კრიტიკულ სარედაქციო საქმიანობას. კერძოდ, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის, ზეწოლის ფაქტების, გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირების, შეიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციელების თვალწინ 37 წლის ახალგაზრდის მკვლელობის და სხვა საქმეების სიღრმისეულ გაშუქებას.

შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დამოუკიდებელი რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციები სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციებზე პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ძალადობით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

აქციების ორგანიზებისა და სათემო რადიოს მიმართ სიძულვილის გაღვივების პროცესში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „როდი სკოტის სახელობის ფონდის“ ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი. ფონდს პანკისში ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსები აქვს გახსნილი. ლია მარგოშვილმა აქციის მონაწილეები განზრახ შეიყვანა შეცდომაში, თითქოს სათემო რადიო შენობის ყიდვას და იქიდან ინგლისურის შემსწავლელი ცენტრის გაძევებას აპირებდა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და და საარჩევნოდ მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე.

მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ერთი თვეა პანკისის სათემო რადიოს შეწყვეტილი აქვს მივლინებები ხეობაში ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად. მეოთხე კვირაა ეთერში არ გადის ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები - „მე და სახელმწიფო“ და „არ გაისუსო“. რადიოში მხოლოდ ადგილობრივი რეპორტიორების მცირე ჯგუფი მუშაობს შეზღუდვებით.

რადიოს დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა 4 სექტემბერს წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას და მუქარის ფაქტებზე რეაგირება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

პანკისის სათემო რადიო მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]