weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოჯახმა დაკარგული ილია ფილფანის პოვნაში დახმარებისთვის ჯილდო დააწესა

13:10 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

სვანეთში გაუჩინარებული 13 წლის მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებმა შვილის მპოვნელისთვის ან სასარგებლო ინფორმაციის მიმწოდებლისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს.

მშობლების განცხადებით, ბავშვის დაკარგვის შემდეგ ორთვენახევარი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება გრძელდება, ინფორმაციის ნაკლებობა ამ პროცესს აფერხებს.

„გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე მუშაობენ მაშველები, პოლიცია. მუშავდება ყველა შესაძლო ვერსია, გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ზედა სვანეთს - ლენჯერს, ჯვარს და მესტიას იმიტომ, რომ ბავშვი ბოლოს იქ ნახეს. მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა მუშაობას ანელებს და გვინდა, რომ ეს დავაჩქაროთ.

გვსურს გამოვაცხადოთ ჯილდო ჩვენი შვილის მოძებნაში დახმარებისთვის. თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია სად იმყოფება ამჟამად ჩვენი ვაჟი და ეს ინფორმაცია დადასტურდება, მზად ვართ გადავიხადოთ 50 000 ლარი.

ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც ბავშვის პოვნაში დაგვეხმარება, ან გაგვიყვანს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ბავშვის გაუჩინარებასთან კავშირი აქვს, მზად ვართ გადავიხადოთ 30 000 ლარი“, – განაცხადა ილია ფილფანის დედამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ოჯახი იძლევა გარანტიას, რომ კონფიდენციალურობას დაიცავენ, მათთან დაკავშირება კი შესაძლებელია ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა და შუამავლების მეშვეობით.

„გვინდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო საშუალება იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვი ვიპოვოთ. თუკი არსებობს თუნდაც 1%-იანი ალბათობა იმისა, რომ ის სადღაც საზღვარგარეთაა, გვსურს ეს შესაძლებლობაც გამოვიყენოთ და ჩავრთოთ ყველა შესაძლო რესურსი“, – აღნიშნა ილია ფილფანის დედამ.

ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დღეს მშობლებმა განაცხადეს, რომ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, რაც საქმის მასალების გაცნობის საშუალებას აძლევთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]