weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ტურისტული მიზნით ვეღარ შევლენ

18:09 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბრის 00.00 საათიდან ძალაში შედის სამოგზაურო შეზღუდვები, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ტურისტული მიზნით შესვლას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩო განმარტავს, რომ შეზღუდვები არ შეეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ხანგრძლივი ბინადრობის უფლება, ასევე ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ლიხტენშტაინის, შვეიცარიის, ნორვეგიის და ისლანდიის მოქალაქეთა ოჯახის წევრებს (მეუღლე, არასრულწლოვანი და დაუქორწინებელი შვილი, არასრულწლოვან პირთა მშობელი).

აღნიშნული შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოდან შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, შემდეგი პირებისთვის:

  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,
  • მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები:
  • სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შესვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შესვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შესვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
  • შესაძლებელია გერმანიაში შესვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.
  • ოჯახის გაერთიანების მიზნით მიმავალი უცხოელი ოჯახის წევრები, აგრეთვე ოჯახური სტუმრობა გამოწვეული მნიშვნელოვანი გარემოებით.
  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით.
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საფუძვლები შესაძლოა სახეზე იყოს, როდესაც მკურნალობა მხოლოდ გერმანიაშია შესაძლებელი, ან პაციენტის მკურნალობა სამშობლოში შეუძლებელია განხორციელდეს, ან მკურნალობა უკვე დაწყებულია, ან თუკი მკურნალობის გარეშე რეალურია საფრთხე პაციენტის ჯანმრთელობისთვის. ეს მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით უნდა დამტკიცდეს. შემოსვლისას პაციენტს შეიძლება თან ახლდეს ორ საჭირო თანმხლებ პირამდე.
  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები.
  • რეპატრიანტები.
  • ტრანზიტული მგზავრები

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში ან დიდ ბრიტანეთში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

  1. არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება;
  2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;
  3. პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1, 2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა). ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

საქართველოს საელჩოს განმარტებით, ქვეყანაში შესვლის უფლების მიცემის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასაზღვრო საკონტროლო პუნქტებზე მომუშავე, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი სახელმწიფო მოხელეებები იღებენ.

ვინაიდან გერმანული მხარის მიერ 2020 წლის 7 ოქტომბრიდან საქართველო შეყვანილ იქნა ე.წ. რისკის ქვეყნების ჯგუფში, საქართველოდან გერმანიაში მიმავალმა პირებმა საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარადგინონ ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. ტესტის არქონის შემთხვევაში გათვალისწინებულია 14 დღიანი თვითიზოლაციის/კარანტინი სახლის პირობებში ვალდებულება. ვინაიდან გერმანიის ფედერალურ მიწებზე კარანტინის საკითხები განსხვავებულად რეგულირდება, მგზავრებმა ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართონ, მათი საბოლოო დანიშნულების ადგილის მიხედვით, შესაბამისი ფედერალური მიწის პასუხისმგებელ უწყებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]