„გაზაფხულზე ჩვენც ნაკლები ვიცოდით ვირუსის ქცევის შესახებ. ძირითადად, ყველა ქვეყანა იყენებდა ძლიერ შემზღუდავ ღონისძიებებს, დღეს ჩვენ გავითავისეთ, რომ კორონავირუსულ ინფექციას ერთ და ორ დღეში ვერ გავაქრობთ, ვერც ორ თვეში და ვერც შეიძლება, ერთ წელიწადში. ამიტომ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად.
ამიტომ, ფართომასშტაბიანი შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის თბილისში, არ იგეგმება.
მაგრამ იქ, სადაც იქნება საჭიროება ე.წ. წერტილოვანი დარტყმების და წერტილოვანი შეზღუდვების, როგორიც არის, სკოლაში ერთი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, კლასი შეწყვეტს სწავლას და ბავშვები გადავლენ თვითიზოლაციაში. თუ სკოლაში გამოვლინდა ბევრი შემთხვევა, შეიძლება, დაისვას საკითხი იმ სკოლაში სწავლის შეწყვეტის, მაგრამ არა მთლიანად სწავლის. ასეთი ტიპის შეზღუდვები შესაძლებელია, მაგრამ არ იგეგმება დიდი, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები, მათ შორის დედაქალაქში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, გამყელიძის თქმით, ბოლო ორ დღეში გამოიკვეთა, რომ იქ ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არ არის.
„ამან არ უნდა გაგვათამამოს. რაღაც ნიშნები სტაბილიზაციისა აჭარაში გამოიკვეთა და ოდნავ ტენდენციაა ახალი შემთხვევების შემცირების, მაგრამ ეს არ გვაძლევს არანაირი მოდუნების საშუალებას. აჭარაში ჩვენი რეკომენდაციით რა ღონისძიებებიც მიმდინარობს, უნდა გაგრძელდეს, სანამ ახალი შემთხვევების გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვალთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.