weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

სანამ თბილისში პანდემია აღმავალია, ჯობს სწავლება ონლაინ გაგრძელდეს – ილიაუნის რექტორი

17:27 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ გიგა ზედანიას განცხადებით, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 19 ოქტომბერს, უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა საშიშია.

გიგა ზედანიას მიაჩნია, რომ თბილისში, სადაც სტუდენტები მთელი საქართველოდან სწავლობენ, აუდიტორიებში სწავლის განახლებას, შეიძლება, კორონავირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება მოჰყვეს.

„რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს - ასევე. ეს გასაგებიცაა -

უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაციაა, როგორც არ უნდა ვეცადოთ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი - ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელთათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ“, – აცხადებს გიგა ზედანია.

ზედანიას აზრით, სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, ჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს.

„ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა“, – წერს ზედანია სოციალურ ქსელში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ძალაში რჩება გადაწყვეტილება უმღლეს სასწავლებლებში, აუდიტორიებში სწავლის 19 ოქტომბრიდან გაგრძელების თაობაზე. თუმცა, გახარიამ აღნიშნა, რომ სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია – სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შეუძლებელია, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ჩაატარონ.

„როცა ჩვენ ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს. ისეთი როგორიცაა სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით, განათლების მიმართულება, მაქსიმალურად იქნას დაცული“, – განაცხადა გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 366 თბილისშია დადასტურებული, 286 – აჭარაში, 104 – იმერეთში, 57 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 44 – ქვემო ქართლში, 21 – შიდა ქართლში, 11 – მცხეთა-მთიანეთში, 13 – კახეთში, 13 – გურიაში, 3 – სამცხე-ჯავახეთში, 1 – რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]