„იმისთვის, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გარანტირებული იყოს თითოეული მოსწავლისვის განათლების სამინისტრომ შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს, მათ მშობლებს არჩევანი გაეკეთებინათ - იმ შემთხვევაში, თუ აქვთ შიში, რომ გარკვეული საფრთხის წინაშე დადგება მათი შვილი თუ სკოლაში გააგრძელებს სასწავლო პროცესს. 10 ათასი მოსწავლეა რეგისტრირებული, რომელთა მშობელმა გამოთქვა სურვილი, რომ მისი შვილი გადავიდეს დისტანციურ სწავლებაზე. ეს არჩევანი მიეცათ მშობლებს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საჯარო სკოლები ჰიგიენა-სანიტარიის და სადეზინფექციო საშუალებების კუთხით სრულად არიან მოწესრიგებული, სკოლებში აქტიური მონიტორინგი ხორციელდება და მათ შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევათ.
„4 ქალაქის (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, 1-6 კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.