მე-9 სკოლის დირექტორის, ნანა თვალიაშვილის, განცხადებით, სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ინფიცირებული არავინაა.
„ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ მოსწავლის მშობლებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შესაბამისად, არც მოსწავლე დადის სკოლაში. გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო, დღეს, პირველ ცვლაში დასწრება ნაკლებია, თუმცა სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, – უთხრა „რეგინფოს“ ნანა თვალიაშვილმა.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის რვიდან ოთხ მუნიციპალიტეტში დროებით შეჩერდა გუნდური მეცადინეობა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში.
„თელავში, გურჯაანში, სიღნაღსა და ყვარელში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა ასაკის ჯგუფების მობილობის და თავშეყრის შემცირების შესახებ. კერძოდ, გუნდური მეცადინეობების დროებით შეწყვეტა სპორტში, მუსიკასა და ცეკვაში“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა.
დღეს კახეთის რეგიონში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 1186-ით გაიზარდა.