შსს-ს თანახმად, 17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბარებში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას.
ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.
გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით“, – აცხადებს შსს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას გულისხმობს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადების შემცირების მიზნით, უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ბათუმსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ბარები და კაფეები 07:00 საათიდან 22:00 საათამდე ფუნქციონირებენ.