„რამდენადაც ვიცი, ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო. შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ. იქ არ არის განვითარებული ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
„უახლოეს პერიოდში გვექნება იქ უკვე ინფრასტრუქტურულად მოწყობილი ტირპარკები და დიდი იმედი მაქვს, ეს პრობლემაც გადაიჭრება. დღესდღეობით, ვიდრე ასეთი ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, ასეთ ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოთ ის სერვისები, რომლებიც ამ ადამიანებს სჭირდებათ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.