როგორც გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში გრიპის ვირუსი ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაჩნდება.
„პირველი პარტია – 25 ათასი ვაქცინა შემოვიტანეთ. ავარჩიეთ პირველი მაღალი რისკ-ჯგფუფები, როგორებიც გახლავთ ორსულები, ბაღის აღმზრდელები, შიდსით ინფიცირებულები, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, მოხუცთა და ბავშვთა სახლები.
ვაქცინა განაწილებულია და ყველა მუნიპალიტეტში არის, მაგრამ სამწუხაროდ, 10 დღეზე მეტი გავიდა და აცრილია დღეისთვის მხოლოდ 5 ათასი ადამიანი.
კვირას, გვიან ჩამოვა კიდევ გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინის დოზა, 4 კომპონენტიანი, რომელიც განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ოთხშაბათისთვის თბილისშიც განაწილდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილება დამთავრდება ორშაბათსა და სამშაბათს. უკვე დიდი რისკ-ჯგფუფები აიცრებიან, ესენია არიან 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დაიაბეტი, სამედიცინო პერსონალი და დაიწყება ამ კონტინგენტის აცრა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, 3-4 ნოემბერს ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დამატებით 10 ათასი დოზა შემოვა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 ათასი დოზა.
„კერძო სექტორიდან მაქვს ინფორმაცია რომ მათ ექნებათ დამატებით 40 ათასი დოზა, ამიტომ, ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე იქნება აქტიური გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.