განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროგრამები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ ქართულ და საერთაშორისო ავიაკომპანიებში, აეროპორტებში, საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოებსა და საავიაციო ქარხნებში.
პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, თვითმფრინავებსა და ავიასიმულატორებს ახალი ტექნიკაც შეემატება, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით საავიაციო უნივერსიტეტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საკუთარი ანგარი აქვს, სადაც განთავსდა ტექნიკური მომსახურების სასწავლო ბაზისა და პრაქტიკული სწავლებისათვის განკუთვნილი ბოინგ-737 ტიპის საჰაერო ხომალდი, რომელიც ასევე უნივერსიტეტის მფლობელობაშია და უნიკალური შესაძლებლობაა მომავალმა მფრინავებმა პრაქტიკული მეცადინეობა რამდენიმე მიმართულებით გაიარონ, რაც საერთაშორისო საფრენოსნო კონვენციის მოთხოვნებს მთლიანად დააკმაყოფილებს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსი, თელავის სასწავლო-საფრენოსნო ბაზა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე უნივერსიტეტის ტექნიკური მომსახურების სასწავლო ცენტრი დღეს დაათვალიერეს.