ამავე უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს მსუბუქად დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია. სავარაუდოდ, დაპირისპირებისას მას სახეში ვიდეოკამერა მოხვდა.
გლდანში 39-ე სკოლის ტერიტორიაზე, სადაც საარჩევნო უბანია, დილიდან დაძაბულობაა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. უბანთან შეკრებილი პირები არც ჟურნალისტებს აძლევენ მუშაობის საშუალებას. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებმა გამოკითხვის მიზნით მინდია გაბაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
პირი, რომელიც „პუბლიკას“ ჟურნალისტს თავს დაესხა, ამ დრომდე არ დაუკავებიათ და ისევ საარჩევნო უბანზე იმყოფება. შსს „პუბლიკას“ ჟურნალისტზე ძალადობას სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით იძიებს და არა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასწორია ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მათ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან 2 წუთით ადრე ჟურნალისტი თავად ამბობდა, რომ მას სახეში ვიდეოკამერა მოხვდა.
საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძის ინფორმაციით, გლდანში საარჩევნო უბნებთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად 5 პირია დაკავებული, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.