„რუსთავი 2“-თან საუბარში, ხურჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მავთულხლართები გუშინ იმ ბოძების გასწვრივ გაავლეს, რომლებიც რუსმა სამხედროებმა რამდენიმე თვის წინ ჩაყარეს.
ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე საუბრობენ სოფელ ტყაიაშიც. გამგებლის წარმომადგენლის ედუარდ კეკუტიას თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 800 მეტრით არიან გადმოსულები და დაკავებული აქვთ ის ადგილები, სადაც ადგილობრივები ყანებს ამუშავებდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ტყაიადან რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ თენგიზ მიქავა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით თევზაობის დროს დააკავეს. მანამდე საოკუპაციო ძალებმა წალენჯიხის რაიონში უჩა სამუშია დააკავეს, რომელიც ე.წ. გალის იზოლატორიდან გუშინ გაათავისუფლეს.