weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის შედეგად 3 ჟურნალისტი დაშავდა

11:29 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020

გუშინ, თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები.

TV პირველის ოპერატორს პავლე ხაჩიძეს თვალი დაუზიანდა. მას ოპერაცია დასჭირდა. 

დემონსტანტების და მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ, დამიზნებით წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ გონება დაკარგა ტელეკომპანია „ფორმულას“ ოპერატორმა გიორგი ჯაფარიძემ. სამედიცინო დახმარება მას ღუდუშაურის კლინიკაში გაუწიეს. 

სახის არეში მიიღო დაზიანება „ფორმულას“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ანა ბარათაშვილმა. წყლის ჭავლის წნევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ის მანქანიდან გადმოაგდო.

„ვაშუქებდით აქციას. ჟურნალისტები და ოპერატორები ვიდექით მანქანაზე. წყლის ჭავლი პირდაპირ ჩვენ დაგვიმიზნეს და რომ მომხვდა, გადმოვვარდი. როგორც მითხრეს, თვალის ბადურა მაქვს შერყეული, მაქვს ჭრილობაც“, – თქვა ანა ბარათაშვილმა.

გადამღები ტექნიკა დაუზიანდათ რადიო „თავისუფლების“, OC Media-ს, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს თორნიკე მანდარიას, გელა ბოჩიკაშვილს, დათო ქორიძეს, შიო ხიდაშელს, მარიამ ნიკურაძეს, სალომე ბოკუჩავას. 

8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ორგანიზებით ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას დრო 20:00 საათამდე მისცეს სამი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად: ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან უნდა გადადგეს თამარ ჟვანია, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემდეგ, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებდა. 

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ. რამდენიმე მათგანი, პოლიციის მიერ სპეციალურად მოწყობილ რკინის ღობეზე ასვლასაც ცდილობდა, რომლის მეორე მხარესაც ასობით შეიარაღებული სამართალდამცავი იდგა. დემონსტრანტების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი რამდენჯერმე და ხანგრძლივად გამოიყენა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა. საბანაძის განმარტებით, პოლიცია გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მოქმედებდა.

გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ უარყო. აქციაზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, მათ ჰქონდათ თვალების წვა და ცრემლდენა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]