weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეწყდეს კომენდანტის საათის დროს უსახლკაროთა დაჯარიმება – EMC

15:49 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

არასამთავრობო ორგანზიაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ საპატრულო პოლიციის მიერ, კომენდანტის საათის დროს, უსახლკარო პირის მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება.

„რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 9 ნოემბერს, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მდგარი პირი, მთავრობის მიერ შემოღებული დამატებითი შეზღუდვის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. როგორც მოქალაქე და მისი ადვოკატი აცხადებენ, ჯარიმის გამოწერის თავიდან აცილების საფუძველი არ აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მამუკა დიაკონიძე უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია.

EMC აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველი შემთხვევა არ არის და ჯერ კიდევ მაისში, ბათუმში, უსახლკარო პირი ნაქირავებ ავტომობილში ღამის გათევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს.

EMC-ის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს.

„შსს არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია, სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი“, – აცხადებს EMC

განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს.

„უსახლკარო პირების დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით. ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში.

საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ.

მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაცისი შეფასებით, სახელმწიფოს მიდგომა, რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.

„პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კანონიერი და პროპორციული ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს: ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;

მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში, სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის“, – აცხადებს EMC

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]