weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დაიღუპა ახალგორელი ექიმი, რომელიც თბილისში სამკურნალოდ დროულად არ გაუშვეს

20:18 კვირა, 15 ნოემბერი 2020

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ექიმი ონისე გათენაშვილი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული, კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობამ ექიმის ოჯახის წევრებს ავადმყოფის თბილისში გადაყვანის ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

„ექიმი, რომელზეც გუშინ ვწერდი, გზაში გარდაიცვალა, ცხინვალი- თბილისის გზაზე. რა უნდოდა იქ? ასე მოგვისაჯეს 14 თვის წინ, 62 კილომეტრი, 4 მთა უნდა გადავიაროთ, საშინელი ხვეულები, რომ ჩავიდეთ ცხინვალში. იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულიანტობთ, მაგალითად, ინსულტს.

ყველა გარდაცვლილი, ჩემდა სამარცხვინოდ ვაღიარებ, მაიმედებს, რომ ქართული მხარე, აი, ამას ნამდვილად აღარ აპატიებს. ასევე, ოსური მხარე დაფიქრდება, მოდი, მძიმე პაციენტი მაინც არ ავიყვანო მძევლად, რომ არ შემომაკვდეს.

ვცდები ყოველ ჯერზე - ქართული მხარე გარდაცვლილთა რაოდენობას ითვლის და აშკარად მოსწონს ზრდა. თუმცა რეალურ ციფრებს მინიმუმ ერთი ათეულით ჩამორჩებიან. ასე ვაინტერესებთ, არ იციან რამდენი შეეწირა „წნელისის კრიზისს“.

ერთადერთი ძალა ჩვენ ვართ- ოჯახებმა უნდა იყოჩაღონ და მიმართონ ყველაზე რადიკალურ ზომებს, რომ ცოცხალი მოხვდეს იმ ტერიტორიაზე სადაც მათ სურთ. უნდა ვიყოჩაღოთ ყველამ, ვიდრე ჩვენი ახლობლების და ჩვენი ჯერი დადგება. უნდა ვაიძულოთ ბიბილოვი, ქაღალდების „მოწესრიგება“ ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა დააყენოს“, - წერს ფეისბუქში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 14 ნოემბერს, „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ე.წ. ერგნეთის გადასასვლელის გავლით, სამკურნალოდ გადმოიყვანეს ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ონისე გათენაშვილი, რომელიც კლინიკაში ტრანსპორტირებისას გარდაიცვალა. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ „წითელი ჯვრისგან“ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. აღსანიშნავია, რომ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში.

ოკუპირებული ახალგორი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. ოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ უკვე 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოკუპანტები მოქალაქეებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რაც მათ კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომას უზღუდავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]