weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხულოს სოფელ წაბლანაში 658 ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ კომისიის წევრებმა მისცეს

19:24 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას მოსახლეობამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც „რეგინფოს“ 32-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, ბიჭიკო შანთაძემ უთხრა, ერთიან სიაში მყოფი 658 ამომრჩევლიდან ხმა მხოლოდ 9 ადამიანმა მისცა.

„აქტივობა არ ყოფილა. სპეციალურ სიაში ვიყავით საარჩევნო კომისიის წევრები – 9 ადამიანი და მხოლოდ ჩვენ მივეცით ხმა“, – განაცხადა ბიჭიკო შანთაძემ.

წაბლანას მოსახლეობამ ბოიკოტი არჩევნების პირველ ტურსაც გამოუცხადა. მაშინაც ხმა მხოლოდ კომისიის წევრებმა მისცეს. პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ერთი ხმა ერგო „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ერთი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო 8 – „ქართული ოცნების“.

წაბლანა სხალთის თემში შედის და სტიქიით დაზარალებული სოფელია. 1989 წლის 19 აპრილს, წაბლანას ერთი უბანი მთიდან ჩამოწოლილი მეწყერის ქვეშ მოჰყვა. დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. ათობით ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ხელისუფლებამ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი დროებით ბათუმში, პანსიონატებში შეასახლა იმ პირობით, რომ ბინებს გადასცემდნენ. დაპირება წლების განმავლობაში არ შესრულდა, რის გამოც დაზარალებულები სოფელს დაუბრუნდნენ. წაბლანა დღემდე საცხოვრებლად საშიშ ზონად არის გამოცხადებული.

მოსახლეობას ბინები ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე აუშენეს, მშენებლობა 2018 წელს დასრულდა, თუმცა ბინები დღემდე გასარემონტებელია, რის გამოც ოჯახები იქ საცხოვრებლად ვერ გადადიან. წაბლანელების პროტესტიც ამას უკავშირდება.

ხულოს მუნიციპალიტეტი, ქედასთან, შუახევთან და ხელვაჩაურთან ერთად 30-ე მაჟორიტარულ ოლქშია გაერთიანებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]