„ალბათ, რომ გადაიხედოს, სულ ცოტა 30% ადამიანების ისეთები წვანან კლინიკებში, რომლებსაც არანაირი აუცილებლობა არ აქვთ, რომ კლინიკებში მოთავსდნენ. კლინიკაში დაწოლა ლამის სოციალური ფენის რაღაც ნიშანივით გახდა - რომ მე მაქვს საშუალება კლინიკაში დაწოლის ასეთი გაჭირვების დროს. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება.
მე მინდა ვურჩიო ხალხს, 4-5 კაციან პალატაში წოლას, თუ ამის დიდი აუცილებლობა არ არის, არ ჯობია ერთკაციანი, კომფორტული სასტუმროები. ყველას ჰყავს თავისი ექიმი, კანტროლის ქვეშ ჰყავთ პაციენტი და ამას გარდა, დამატებით 200 ცალი კონცენტრატორები შეიტანეს სასტუმროებში და სუნთქვის პრობლემაც არ იქნება, მკურნალობის პრობლემაც არ იქნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობა არ არსებობს: „თუ ამ საწოლფონდის რესურსებს ეფექტურად გამოვიყენებთ და ამავე დროს დავამატებთ სასტუმროს საწოლებს, შესაძლებელია ამ ფონდით მშვენივრად გავიდეთ ფონს“.
დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული.
საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა. გუშინ, 3958 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4048. 23-22 ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი გარდაიცვალა, 7387 კი გამოჯანმრთელდა.