weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არჩევნების II ტურზე კახეთში დაწერილი ერთადერთი საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

14:22 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა დამკვირვებელი ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა ლაგოდეხის 22-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის თანახმად, უბანზე ე.წ. კარუსელი დაფიქსირდა.

ISFED-ის დამკვირვებლის საჩივრის მიხედვით, 22-ე უბანზე ერთი და იმავე ამომრჩეველმა რამდენჯერმე მისცა ხმა, კომისიის თავმჯდომარე და წევრები დრო და დრო გადიოდნენ გარეთ და იქ მყოფ სხვადასხვა პირებს ეუბნებოდნენ, შეეცვალათ გარეგნობა, შესულიყვნენ კენჭისყრის ოთახში და ხელახლა მიეცათ ხმა.

„მაგალითად, ახლა ქუდი მოიხადე და ასე შემოდი - ეუბნებოდნენ. ასევე, აღნიშნულ უბანზე არ ტარდებოდა და არც მოწმდებოდა მარკირება. ნაკადის მომწესრიგებელმა დამკვირვებლის მითითების შემდეგ ძლივს იპოვა მარკირების შესამოწმებელი ფანარი“, – აღნიშნავს დამკვირვებელი საჩივარში.

ISFED-ი 22-ე საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას და კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვდა.

საოლქო საარჩევნო კომისიამ მხედველობაში მიიღო საუბნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტება, რომ ე.წ. კარუსელს ადგილი არ ჰქონია, მარკირების წესის დარღვევა კი მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა. კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის განმარტებით, ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში მარკირების გარეშე შევიდა, თუმცა ეს ფაქტი დაუყოვნებლივ გამოავლინეს და ამომრჩეველმა მარკირების პროცედურა გაიარა. თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის, ილფან მირზაევის მიერ ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას, კომისიამ გადაწყვიტა მის მიმართ გამოყენებული იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – შენიშვნა.

რაც შეეხება უბნის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნას, საოლქო კომისიამ ის უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. როგორც „რეგინფოს“ კომისიის თავმჯდომარემ რევაზ გაიპარაშვილმა უთხრა, დამკვირვებელმა დარღვევის მტკიცებულება ვერ წარადგინა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჩივრის ავტორს დარღვევის ჩადენის დროდ 12:15 საათი აქვს მითითებული, ხოლო საჩივარი 19:53 საათზეა დაწერილი.

დამკვირვებელ ორგანიზაციას საოლქო კომისიის განკარგულების გასაჩივრების ვადა დღეს ეწურება.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის დღეს, მეათე მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 154 საარჩევნო უბანს მოიცავს, მხოლოდ ერთი საჩივარი დაიწერა და ის ISFED-ს ეკუთვნის.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ხმების 88.83% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა – 11.17%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]