weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა ევროპულ სასამართლოშიც ცდილობს მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას – EMC

16:42 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020
ფოტოზე თემირლან მაჩალიკაშვილი ფოტოზე თემირლან მაჩალიკაშვილი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორის, თამთა მიქელაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე თემირლან მაჩალიკაშვილის დეჰუმანიზებას და აჰმედ ჩატაევის ჯგუფთან მისი კავშირის მტკიცებას ცდილობს.

EMC-მ ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით წელიწად-ნახევრის წინ შეტანილ განაცხადზე საქართველოს მთავრობის მოსაზრებები დღეს, 25 ნოემბერს შეაფასა.

„მთავრობის შეპასუხებაში ჩვენ ვნახეთ ის ძირითადი ლოგიკა, რომელიც მთავრობას აქვს სპეცოპერაციის ამ მასშტაბით ჩატარებისა და ძალის გამოყენების ნაწილში. უნდა ითქვას, რომ ის არსებითად იმეორებს იმ არგუმენტებს, რომელიც მანამდე პროკურატურას ეროვნულ დონეზე ჰქონდა.

ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობამ ევროპულ სასამართლოშიც, ისევე როგორც ამას პირველივე დღეებიდან აკეთებდა, საკუთარი შეპასუხების დიდი ნაწილი მიუძღვნა სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების მტკიცებას ჩატაევის ჯგუფთან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქაც ჩვენ გვქონდა რაიმე ახალი არგუმენტები ან ეს მტკიცებები იყო დამაჯერებელი.

ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვნახეთ არაერთი აშკარა უზუსტობა და სიცრუე მთავრობის შეპასუხებაში და ბუნებრივია, ჩვენს საბოლოო პასუხში, რომელიც ევროპულ სასამართლოში 21 ნოემბერს გავგზავნეთ, ამ უზუსტობებსა და თემირლანის დეჰუმანიზების მცდელობებზე კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, სასამართლოს ამ კუთხით მთავრობის პოზიციების პრობლემურობის მთელი სურათი ვაჩვენეთ“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ევროპული სასამართლოსთვის ეჩვენებინა, რომ პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია კონტრტერორისტული ოპერაცია იყო, რა დროსაც ადამიანის უფლებების სტანდარტები გარკვეულწილად იზღუდება.

„უნდა თქვას, რომ ეს მტკიცებაც და მსჯელობაც იყო პოლიტიკური და არასამართლებრივი იმიტომ, რომ ეროვნულ დონეზე ჩატარებული ღონისძიებები არ შეიძლება მივიჩნიოთ კონტრტერორისტულ ღონისძიებად და ის დაკავების კლასიკური სისხლისსამართლებრივი პროცედურით განხორციელდა.

ამიტომ სახელმწიფოს მცდელობა, სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებული მაღალი სტანდარტებისთვის გვერდი აერიდებინა და რაღაც უფრო დაბალი სტანდარტებით ემტკიცებინა ძალის გამოყენების აუცილებლობა თუ პროპორციულობა, ვფიქრობთ, რომ არ იქნება გაზიარებული სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა თამთა მიქელაძემ. 

თბილისის პროკურატურამ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა. გამოძიება მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა“, – განაცხადა პროკურატურამ.

EMC აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო რჩება ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ დარღეული უფლების აღდგენის რეალური პოტენციალი აქვს. თამთა მიქელაძის განცხადებით, მოსარჩელეების მთავარი მოთხოვნაა საქართველოში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელახლა გახსნა და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც დამნაშავეების იდენტიფიცირებას და მათ სამართლიან დასჯას ნიშნავს.

„როდესაც ჩვენ ამ საქმის სამართლებრივ შეფასებას ვითხოვთ, არ ვითხოვთ მხოლოდ სროლის განმახორციელებელი პირის დასჯას, არამედ იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესწავლასაც, რომლებმაც ამდაგვარად დაგეგმეს სპეცოპერაცია და სერიოზული შეცდომები დაუშვეს სწორედ დაგეგმვის ეტაპზეც, რაც გახდა უფლების დარღვევის ამგვარი რისკების შექმნის სისტემური მიზეზი“, – აღნიშნა მიქელაძემ.

EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოში განაცხადი 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. იმავე წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესი გადავადდა და მთავრობის პოზიციები ორგანიზაციას 2020 წლის პირველ სექტემბერს ეცნობა. EMC-მ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა. წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში 21 ნოემბერს წარადგინეს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი საქართველოს მთავრობის პოზიციებისა და მათზე EMC-ის შეპასუხების შესახებ, იხილეთ ამ ბმულზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]