„თითქმის ყველა თანამშრომელი კოვიდ ვირუსით არის დაავადებული. 40-მდე ექიმია და 30-მდე სამედიცინო პერსონალი. მუშაობს კარდიოქირურგიული დეპარტამენტი და სანამ შეუძლიათ, ოპერაციას გააკეთებენ. ისინი ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა ანზორ მელიამ.
მისივე თქმით, კლინიკაში ინფექციის გავრცელების წყარო პაციენტები გახდნენ.
„სასწრაფოთი მასობრივად შემოდიოდნენ ავადმყოფები, რომელთაც კოვიდ ინფექცია ჰქონდათ. გულით ავადმყოფებს, რომელთაც მართვა და სტაციონარული მკურნალობა სჭირდებოდათ, ჰქონდათ კოვიდი. ზოგიერთები მალავდნენ, რომ სიცხე ჰქონდათ და იღებდნენ სიცხის დამწევ საშუალებებს. მწვავე ინფარქტიანები რომ მივიღეთ, ორს ჰქონდა კოვიდინფექცია, მათ ვერ გადავიყვანდით სპეციალიზირებულ დაწესებულებაში, რადგან ადგილები არ იყო“, – ამბობს მელია ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე, საქართველოში კორონავირუსი ჯამში 118 690 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 98 781, ხოლო გარდაიცვალა – 1124. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულია ინფიცირების 3801, გამოჯანმრთელების 3200 და გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 18 759 აქტიური შემთხვევაა.