საერთაშორისო სწავლების დასრულება ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. დასკვნით ღონისძიებაზე წვრთნების მონაწილე სამხედროებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.
"ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
დასკვნითი ღონისძიება სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოებით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "ღირსეული პარტნიორი 2017" სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და NRF-ში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას ემსახურებოდა.
ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" 30 ივლისს გაიხსნა. წვრთნებს საქართველომ წელს მესამედ უმასპინძლა.