უწყების ცნობით, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, ავტომობილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, რის გამოც მცხეთის მიმართულებით დამატებით გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.
რამდენიმესაათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამ დროისთვის, მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.