„ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება არ იყოს კატასტროფული. აქედან გამომდინარე, 10-12 დღის მერე უნდა გვქონდეს იმედი, რომ სიტუაცია ცოტათი მაინც დასტაბილურდება.
რომ არ დაწესებულიყო შეზღუდვები, ჩვენ დაახლოებით 4-ჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის. რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება. ძალიან მძიმე ციფრები იქნებოდა, რომ არ დაწესებულიყო შეზღუდვები და ეს არა მხოლოდ ჩვენი პროგნოზია, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისაც. ამ აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი.
დღეს ჩვენ 1000 ადამიანი დავკარგეთ უკვე. არიან ადამიანები, ვისაც არ სჯერათ კორონავირუსის და ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. ქვეყნდება ხოლმე გრიპისგან დაღუპვების სტატისტიკა და გრიპი, რომელიც ორ თვეში 1000 ადამიანს მოკლავს, თუ უნახავთ?“, – განაცხადა პაატა იმნაძემ პირველი არხის ეთერში.
კითხვაზე - შეიძლებოდა თუ არა შეზღუდვების შემოღების შესახებ უფრო ადრე დაანონსებულიყო, რათა ადამიანებს მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, პაატა იმნაძემ თქვა, რომ ამის შესახებ ადამიანებმა ერთი კვირის წინ იცოდნენ.
„საკოორდინაციო საბჭოს სხდომას როცა ვესწრებოდი, იქიდან გამოსული არ ვიყავი, ქალაქში ზუსტად ლაპარაკობდნენ, იქ რასაც ვამბობდით და რაც დაგეგმილი იყო, მე მგონი, ერთი კვირის წინ უკვე ყველამ იცოდა“, – აღნიშნა იმნაძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები უფრო მკაცრ და ხანგრძლივ შეზღუდვებსაც ითხოვდნენ, თუმცა ქვეყნის შესაძლებლობები და მოქალაქეების მდგომარეობა გაითვალისწინეს.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის:
- 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალულია გადაადგილება ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე;
- შეზღუდულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება;
- რესტორნები და კვების ობიექტები დაიხურა და ისინი მთლიანად გატანის სერვისზე გადავიდნენ;
- დიდ ქალაქებში დაიხურა სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა);
- დიდ ქალაქებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმზე;
- 31 იანვრის ჩათვლით იკრძალება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირება, ზამთრის კურორტებზე დახურული იქნება კვების ობიექტები, ხოლო სასტუმროები მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის შემთხვევაში იმუშავებენ.
შეზღუდვების ნაწილი 24 დეკემბრისა და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 127 942 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 106 328, ხოლო 1195 გარდაიცვალა. აქედან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 4472, გამოჯანმრთელების – 4058 და გარდაცვალების – 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ თემაზე:
დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმა 2000-დან 10 000 ლარამდე იქნება