weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავში აქცია გამართეს და ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს

15:11 ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020
tv4.ge-ის ფოტო tv4.ge-ის ფოტო

რუსთავში მოქალაქეებმა ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გამართეს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. როგორც მათმა ნაწილმა მედიასთან განაცხადა, ვაჭრობის სფეროში იყვნენ დასაქმებულები და დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავალი დაკარგეს.

აქციის მონაწილეთა თქმით, კომპენსაცია, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებენ საკმარისი არ არის და არ შეესებამება იმ თანხას, რასაც აქამდე გამოიმუშავებდნენ.

„გაგვიშვან გარეთ, მოგვცენ ახალ წლამდე ვაჭრობის უფლება. თუ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, სულ საპროტესტო აქციებს გავმართავთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს.

ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა იყო მისული, რომელმაც თქვა, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს გარე ვაჭრობასთან შეხება არ აქვს და ისინი „კონცერტის მოყვარულები“ არიან. ირაკლი ტაბაღუას თქმით, აგრარული ბაზრის საქმიანობა არ შეზღუდულა და მათ, ვინც ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობს, შეუძლიათ, აგრარული ბაზრის სივრცეში გადაინაცვლონ. რუსთავის მერის განცხადებით, თუ გარეთ ტანსაცმლით მოვაჭრეებიც დადგებიან, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ცუდი სიტუაცია შეიქმნება.

„ვინც ვაჭრობს ხილ-ბოსტნეულით, შეიძლება, მათი იმ სივრცეში მოქცევა, რომელზეც ნებართვაა გაცემული და შესაძლებელია, იქ შეღავათების პირობებში ივაჭრონ. რაც შეეხება ტანსაცმლით მოვაჭრეებს, თუ ისინი ტანსაცმლით ვაჭრობენ, მათ აქვთ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანოში არიან აღრიცხული და მთავრობის მიერ შეთავაზებულ დახმარებას თავისუფლად გამოიყენებენ“, – განაცხადა ტაბაღუამ.

აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი დავით კირკიტაძეც მივიდა. მისი თქმით, ხალხს სამართლიანი მოთხოვნა აქვს და მათი მხარდაჭერა ყველას ვალია.

აქციებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაცული იყოს არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დადგინდა 28 ნოემბრიდან.

28 ნოემბრიდან ქალაქებში – თბილისი, თელავი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი – სავაჭრო ობიექტების მუშაობა შეიზღუდა. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს შეზღუდვა არ ეხება: სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას; პრესის ჯიხურებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]