სატენდერო განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ტენდერში მონაწილეს ჰყავდეს მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი, ბრინჯაოს ქანდაკებებზე მუშაობის სულ მცირე 10-წლიანი გამოცდილებით. ტენდერში გამარჯვებულმა ძეგლის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დასრულოს. სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, სამი წელია.
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული „მზეჭაბუკი“ „დიდების მემორიალის“ ნაწილი იყო. 46 მეტრი სიმაღლის „დიდების მემორიალი“ ქუთაისში 1982 წლიდან იდგა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნებოდა. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მემორიალი 2009 წლის დეკემბერში ააფეთქეს, რასაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების დროს ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ნამსხვრევები მოხვდათ. „დიდების მემორიალის“ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა აშენდა.
„მზეჭაბუკის“ ძეგლი მემორიალის აფეთქებამდე აიღეს და არსებული ინფორმაციით, ამჟამად ის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში ინახება.