ჯუმბერ უნგიაძის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა. მისივე თქმით, კორონავირუსული ინფექციის გამო ქალს ფილტვის 23% ჰქონდა დაზიანებული.
„ის ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით იწვა და იქ მკურნალობდა. ჰქონდა გამოხატული სიმპტომები, როგორც კლინიკურად, ასევე სუნთქვის უკმარისობის სახით, რომელმაც იმოქმედა არამარტო ორსულის, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც. 25 ნოემბერს, საღამოს მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, იმ ღამესვე საკეისრო კვეთა ჩატარდა, ამოყვანილი იქნა ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც უკვე გაეწერა სახლში. 27 ნოემბერს ბათუმის სამშობიარო სახლიდან პაციენტი, ჩვენთან „მედინაში“ გადმოიყვანეს.
კვლევის შედეგად მას პნევმონია და ფილტვის 23-პროცენტიანი დაზიანება დაუდგინდა. იმყოფებოდა ე.წ სიპაპ რეჟიმით, ანუ მას მაღალი ნაკადით მიეწოდებოდა ჟანგბადი. მკურნალობის ფონზე პირველ და ორ დეკემბერს პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მაგრამ გუშინ, ღამის 3 საათზე მოხდა ფილტვის არტერიის თრომბოებოლია, რომელმაც გულის გაჩერება გამოიწვია. ჩატარდა, გულ-ფილტვის რეანიმაცია და აღდგა გულის მუშაობა, მაგრამ დღეს შუადღისთვის ისევ გაჩერდა. სამწუხაროდ, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, მაგრამ ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება, ფილტვის ქსოვილი ფაქტიურად აღარ ჰქონდა, ძირითადად ამან გამოიწვია მისი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება“, – განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.
24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შედეგად კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 4260 ახალი შემთხვევა, 2947 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის 21 655 აქტიური შემთხვევაა. აქედან საავადმყოფოში 6561 ადამიანი მკურნალობს.