როგორც გამყრელიძემ განაცხადა, გრიპის ვირუსის გააქტიურება მოსალოდნელი იყო.
„გუშინდელ მონიტორინგში გამოჩნდა, რომ B ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულაცია, ანუ პირველად ამ სეზონზე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. ჩვენ არ ვიცით, რამდენად აქტიური იქნება წელს გრიპი. თუ ავიღებთ სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილებას, ზაფხულის გრიპი ნაკლებად აქტიური იყო. ამაზე ბევრი ვერსია არსებობს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანები მივეჩვიეთ გარკვეულად პრევენციული ღონისძიებების დაცვას, ვთქვათ, პირბადის ტარებას, უფრო მეტი ადამიანი აიცრა გრიპის საწინააღმდეგოდ, მეტი ადამიანი იცავს დისტანციას და სანიტარულ წესებს. შესაძლებელია და ამის ალბათობა არის, რომ გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსით და კორონავირუსით გამოწვეული რესპირაციული ინფექცია დაახლოებით ერთნაირია და მათი დიფერენცირება გამოცდილ ექიმს შეუძლია, საბოლოო დიაგნოზი კი ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე ისმება.
„რესპირაციული ვირუსების სეზონი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში აუცილებელია ყველგან პირბადის ტარება. ის დაგიცავთ გრიპისა და კოვიდისგან. გრიპთან მიმართებაში სახელმიწფოს ვაქცინა საკმარისია. ვინც არიან რისკ ჯგუფებში და რისკჯგუფები კიდევ უფრო გაფართოვდა - მასწავლებლებს, 65 წელზე ზემოთ ადამიანებს, ყველას შეუძლიათ მიბრძანდნენ და აიცრან. ასევე ვთხოვ თითოეულ ორსულ ქალბატონს, რომ აიცრან გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, გამყრელიძემ რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებს მოუწოდა, კორონავირუსზე ანტიგენის ტესტი ჩაიტარონ.