ნინო ლომჯარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმება დამოუკიდებელი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად.
„ჩემი სურვილია და ძალიან დიდი იმედი, რომ მოხდება კონსენსუსი და პოლიტიკური შეთანხმება. თუ ჩვენ გვეყოლება ერთი პარტიის მიერ დომინირებული პარლამენტი, ეს იქნება ყველასთვის, მათ შორის მმართველი პარტიისთვის, ქვეყნისთვის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და ადამიანის უფლებების დაცვისთვის, ძალიან ცუდი და უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის როგორც სახალხო დამცველისთვის, წარმოუდგენელია მუშაობა ერთპარტიულ პარლამენტთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, სახალხო დამცველის თქმით, ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა.
„ქვეყანაში 2020 წლის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსების საკითხზე, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრების უდიდესი ნაწილი განხილვის გარეშე დარჩა, ან არ დაკმაყოფილდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.