შსს-ს ცნობით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
„ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმ- ბარათებს ანადგურებდნენ. სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.