„მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან.
არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც „შავ პარასკევს“ იყო.
შეიძლება ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და კვლავ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
16 დეკემბრის დილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსზე 17 943 კვლევა ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების 3487 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2495 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში ინფიცირების 29 158 აქტიური შემთხვევაა. აქედან 1103 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.