ელჩის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება.
„მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდადა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. გუშინ, „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა,რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.
დღეს საპარლამენტო მანდატებზე უარის თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართეს საარჩევნო ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ შემავალმა პარტიებმა, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და „ევროპულმა საქართველომ“. პარლამენტში განცხადება უკვე შეტანილი ჰქონდა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.
11 დეკემბერს, პირველ სხდომაზე, პარლამენტმა 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება სცნო.
ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო და ოთხი რაუნდი გაიმართა.