weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობა დაადგინა და გამოძიება შეწყვიტა

15:11 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. 

პროკურატურის განცხადებით, 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე - მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა ბაჩალიაშვილის ცხედარი.

პროკურატურის განცხადებით, უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ადგილზე მისვლიდან ავტომანქანის აღმოჩენამდე, მის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამასთან, საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება.

„შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.

საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია.

საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.

თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად,

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ.

თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი“, – აცხადებს პროკურატურა.

გამოძიების მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილს მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონი ჰქონდა, გადაწყვიტა თვითმკვლელობა, გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს და ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. 

„არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე. გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ apple-ის მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ - პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ - პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ - პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები“, – განაცხადეს პროკურატურაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული, თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]