გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაცვის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცივი იარაღით დაჭრეს.
დაკავებული ზ.გ.-ის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, დაცვის თანამშრომელს სხეულზე დაზიანება ცივი იარაღით მან მიაყენა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, შ.ბ.-ის მიმართ გამოძიება 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.
17 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, „ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტების ნათესავებისა და დაცვის თანამშრომელს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან განაცხადა, კონფლიქტის მიზეზი გახდა დაცვის თანამშრომლის შენიშვნა შინაგანაწესის დაცვასთან დაკავშირებით.
„შენიშვნა იყო მიზეზი, რის გამოც გაღიზიანდა ეს ადამიანი და მისი თანმხლები პირები, რასაც მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის თანამშრომელსა და მათ შორის, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და დასრულდა ჩვენი დაცვის თანამშრომლის დაჭრით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით და საკმაოდ მძიმე ხარისხის დაზიანებით“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
კლინიკის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია დასჭირდა.